საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაცია პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და სფეროს რეგილირებას ითხოვს. კერძოდ, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს საქართველოში მოღვაწე თარჯიმნების აღრიცხვასა და ერთიან ორგანიზაციაში თავმოყრას, ნაფიცი თარჯიმნის ინსტიტუტის შექმნას, თარგმანის საფასურის უნაღდო ანგარიშსწორებიდან სახელფასო-საბარათე სისტემაზე გადასვლასა და სხვა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, აუცილებელია თარჯიმანთა თავმოყრა ერთ სივრცეში, რადგან ამჟამად არ არსებობს ორგანო, რომელიც თარჯიმნების აღრიცხვას აწარმოებს.
ასოციაციის განცხადებით, არავინ იცის რამდენი თარჯიმანია დღეს საქართველოში და ვინ, სად მუშაობს. ასევე, რომელი ენების თარჯიმნები არიან ქვეყანაში, გააჩნიათ თუ არა მათ შესაბამისი კვალიფიკაცია, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი თარჯიმნის მოთხოვნებსა და სხვა.
“თარჯიმნის შესახებ კანონის მიღება უზრუნველყოფს თარჯიმნების თავმოყრას ერთ სივრცეში, მათ აღრიცხვას და რეგისტრაციას, დალაგებას ენებისა და სტატუსის მიხედვით, მათ სერტიფიცირებას და ლიცენზირებას. თარჯიმანთა სერტიფიცირება და ლიცენზირება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ყველა თარჯიმანს უნდა ჰქონდეს სასერტიფიკატო ან ასოციციის შიდა გამოცდა ჩაბარებული. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხს, ყველა თარჯიმანს ენიჭება თარჯიმნობის შესაბამისი სტატუსი და ეძლევა ლიცენზია”,-წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი ასეევ გულისხმობს თარგმანთა ერთიანი რეესტრის შექმნას. საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ერთიანი სანოტარო რეესტრის მსგავსად, უნდა მოხდეს საბუთების გადაგზავნა და ამოღება ელექტრონული წესით. კერძოდ, თარგმნათა ერთიან რეესტრში გადაიგზავნება მხოლოდ ის საბუთები, რომლებიც საჭიროებენ დამოწმებას.
“ერთიან რეესტრის გადაგზავნილი საბუთების თარგმნის უფლება ექნებათ ნაფიც, სერტიფიცირებულ თარჯიმნებს. ნაფიცი თარჯიმანი თარგმნის და ამოწმებს თავის თარგმანს, სერტიფიცირებული თარჯიმნის მიერ თარგმნილ დოკუმენტს ამოწმებს ნოტარიუსი.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ თარგმანის ღირებულების ჩარიცხვა მოხდეს ასოციაციის ერთიანი ანგარიშზე და შემდგომ ასოციაცია თავად აწარმოებს ანგარიშსწორებას თარჯიმნებთან. ასე ბევრად მარტივი იქნება კლიენტისთვის, რადგან კლიენტისთვის თარჯიმანთა სხვადასხვა ანგარიშების მითითება გამოიწვევს დიდ გაუგებრობას და დაბნეულობას”,-წერია განმარტებით ბარათში.
დოკუმენტის მიხედვით, თარჯიმნის სტატუსსა და ლიცენზიას საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაცია გასცემს.
ავტორი:მარიამ ვარადაშვილი